თავისუფლების ქრისტიანული და ნეოლიბერალური გაგების ექსისტენციური საზრისი დოსტოევსკის მხატვრული აზროვნების შუქზე
Resumen
ადამიანის არსება და ბედი მისი თავისუფლებით განისაზღვრება. თავისუფლება ადამიანს ანიჭებს უდიდეს პასუხისმგებლობას და ღირსებას. ქრისტიანობა აღიარებს ორგვარ თავისუფლებას: არჩევანის თავისუფლებას, რომელიც თანაბარი ძალით არის, როგორც სიკეთის, ისე ბოროტების სათავე და - სულიერ თავისუფლებას, რაც ნიშნავს ხორციელი ვნებებისგან და ლტოლვებისგან თავისუფლებას. ადამიანის სული ფლობს, როგორც უსასრულო განვითარებისა და სრულქმნის, ისე უსასრულოდ დაცემისა და გადაგვარების პოტენციალს. ყველაფერი იმით განისაზღვრება, თუ როგორი ღირებულებებით იქნება განათებული მისი ცხოვრების გზა. თანამედროვე ეპოქა ადამიანში სულიერი პოტენციალის, იდეალთა და ღირებულებათა ქრობის ეპოქაა და უმწვავეს ექსისტენციურ პრობლემად დგება ამ პოტენციალის გადარჩენა. ქრისტიანობიდან მომდინარე ღირებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ გადარჩენის საქმეში.
ქრისტიანობისთვის ადამიანი უკიდეგანო სულიერი ძალის მატარებელია და ამ ძალით მას შეუძლია გადალახოს სულიერი დაცემის მდგომარეობა, არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობით და მუდმივად ტრანსცენდირებდეს ღვთაებრივ არსთა და ღირებულებათა მიმართ. ჩვენს ბნელ სხეულში კიაფობს ღვთიური ნაპერწკალი და ადამიანმა უნდა აირჩიოს ის გზა, რომელიც ამ ნაპერწკალს სინათლედ აქცევს.
თავისუფლების საკითხი დოსტოევსკის შემოქმედების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. მისი ხუთივე რომანი გვიყვება შემაძრწუნებელ ამბავს იმ საშინელ წყვდიადსა და მარტოობაზე, რითაც არიან გარემოცულნი ამ რომანთა პერსონაჟები. უბედურების სათავეს კი დოსტოევსკი ხედავს ათეიზმითა და ნიჰილიზმით განმსჭვალულ ევროპულ ლიბერალიზმში, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: „ღმერთი მოკვდა“.
ქრისტიანული ღმერთის სიკვდილი, ფარულად, ყოველთვის განმსჭვალავდა ევროპულ ლიბერალიზმს და ეს ნიცშეზე ადრე დოსტოევსკიმ ამოიცნო. თავის რომანებში ის გვიხატავს უღმერთოდ დარჩენილი ადამიანების ბედს თავისუფლებაში და თავისუფლების ბედს უღმერთო ადამიანებში, როცა უღმერთო თავისუფლება გადაიზრდება თვითნებობაში, ყოვლისნებადართულობაში, შემდეგ კი - დანაშაულში და ბოლოს, ან სულიერ და ფიზიკურ სიკვდილში, ანდა დესპოტიზმში და სრულ მონობაში. უყვარს რა უსაზღვროდ ადამიანი, დოსტოევსკის სწამს, რომ ადამიანს, როგორც ღვთის ხატს და მსგავსს გააჩნია სულიერი ძალა, რომლითაც შეუძლია გადალახოს ეს საშინელი სულიერი დაცემა და ამ ძალის წყაროს ის ხედავს მართლმადიდებლობაში.
საკვანძო სიტყვები. თავისუფლება, იძულება, თვითნებობა, ჭეშმარიტება, ღირებულება, სინდისი, ნიჰილიზმი, ლიბერალიზმი, მადლი, რწმენა, ტრანსცენდირება.





