თარგმანი, როგორც ცვლილება

  • Manana Matiashvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, პაატა სააკაძის #1, 0132, საქართველო, http://orcid.org/0009-0002-5360-4687

Resumen

წერილის მიზანია თარგმანის ეკვივალენტურობის ცნების დაზუსტება მასში ცვლილებისა და ტრანსფორმაციის მნიშვნელობის ხაზგასმით; ასევე, თარგმანის მკითხველის მოლოდინების გადაფასება ლიტერატურული თარგმანის ადეკვატურობასთან დაკავშირებით.

წერილის დასაწყისში აღნიშნულია თარგმანის, როგორც ერთი მთლიანობის მიმართ კომპლექსური მიდგომის აუცილებლობა, რაც გულისხმობს  წყარო-ტექსტისა და სამიზნე ტექსტის ყველა ასპექტის გათვალისწინებას მათი ტექსტუალური (ოკაზიური ლექსიკა, შესატყვისობები, რიტორიკული ფიგურები) თუ კონტექსტუალური (კონოტაციები, იმპლიკაციები, კულტურული რეალიები) მახასიათებლებით.

მომდევნო აბზაცებში განიხილება ეკვივალენტური თარგმანის შესაქმნელად საჭირო მთარგმნელისეული ხერხები, მეთოდები და პროცედურები, როგორებიცაა შემატება-კლების მეთოდი, ლოგიკით იმპლიცირებული ჩანართები (ლიჩ) და ამოკლებები, ნაგულისხმევი ინფორმაციის გავლენის მნიშვნელობა სამიზნე ტექსტზე, რომელიც ზოგჯერ თარგმანში ექსპლიციტური ხდება ან, პირიქით, ექსპლიციტური ინფორმაცია იმპლიციტურად იქცევა გადატანის პროცესში. ცალკე განიხილება ლექსიკური ერთეულების კონოტაციებისა და მხატვრული ტექსტის მრავალშრიანობის მნიშვნელობა დედნის ტექსტის სწორად აღქმისთვის, რის გარეშეც თარგმანის ეკვივალენტურობის მიღწევა რთული იქნებოდა.

დასკვნის სახით გამოთქმულია აზრი, რომ ეკვივალენტური თარგმანის საზღვრებში უნდა შედიოდეს ყველა ის ცვლილება და  ტრანსფორმაცია, რასაც მთარგმნელი ახორციელებს ტექსტის ლოგიკისა და კონტექსტის მოთხოვნის ფარგლებში. დასაწყისში დასმული პრობლემის საპასუხოდ აღნიშნულია, რომ მცდარია მკითხველის მხრიდან დედნისა და თარგმანის სრული იდენტურობის მოთხოვნა, რადგან ეკვივალენტურობა თავის თავში მოიცავს თარგმნის პროცესში წარმოქმნილი განსხვავების არსებობას. ამდენად, ცვლილება და ცვალებადობა მხატვრული ტექსტის თარგმანის ერთ-ერთ გარდაუვალ მახასიათებლად უნდა ჩაითვალოს.

 

საკვანძო სიტყვები: ტრანსფორმაცია, ეკვივალენტურობა, ნაგულისხმევი ინფორმაცია, ლოგიკით იმპლიცირებული ჩანართები (ლიჩ), შემატება-კლება

Publicado
2024-07-15
Sección
სამეცნიერო სტატიები - თარგმანმცოდნეობა