ისტორიული ტექსტის თარგმანი ჰუმანიტარული მეცნიერებების პარადიგმაში

  • Natia Amirejibi ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, 0179, საქართველო http://orcid.org/0000-0002-8632-9805

Resumen

XXI საუკუნის რეალობა – გლობალიზაცია და საერთაშორისო კონტაქტების გააქტიურება – თარგმანმცოდნეობისა და მთარგმნელობითი საქმიანობისადმი მრავალმხრივ ინტერესს და გამოწვევას განაპირობებს. ეს ეხება როგორც პოლიტიკას, ეკონომიკას, განათლებას და სხვ., ისე კულტურას და მეცნიერებას. როგორც ფასეულობების გაცვლის ერთ-ერთმა ყველაზე ქმედითმა ფორმამ, თარგმანმა საუკუნეების განმავლობაში ხელი შეუწყო ზოგადსაკაცობრიო კულტურული სივრცის შექმნას. თარგმანი როგორც მონათესავე, ისე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხალხების და ენების რაობის, მსოფლხედვის და სამყაროს აღქმის გასაგებად ერთ-ერთი გადამწყვეტი ასპექტია. ფედერიკო ფელინის სიტყვებით, “Un linguaggio diverso è una diversa visione della vita”/“A different language is a different vision of life”/„განსხვავებული ენა არის ცხოვრების განსხვავებული ხედვა“. ამ საქმეში საკმაოდ დიდი წვლილი ისტორიული ტექსტების თარგმანს აქვს. ისტორიული ტექსტების თარგმნის წყალობით, წარსული თაობების ცოდნა და გამოცდილება აწმყოსა და მომავალში ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ისტორიული წყაროების თარგმნა არის დარგობრივი/ჟანრობრივი თარგმანის ერთ-ერთი ნაირსახეობა და, ამავე დროს, სამეცნიერო საქმიანობის ცალკე მიმართულება. მას საფუძვლად უდევს ისტორიული კვლევა, მისი შედეგი უნდა იყოს ორიგინალთან მიმართებაში მყოფი, ადეკვატური შინაარსის, სტრუქტურის და სტილის მქონე ახალი ტექსტი ახალ ენაზე. დასრულებული თარგმანი უნდა ასახავდეს პირველწყაროს ეროვნულ სპეციფიკას, ჟანრობრივ და სტილისტურ თავისებურებებს, დისკურსს, ანუ კონტენტით და კომპოზიციით დედნის რელევანტური უნდა იყოს. თანამედროვე ტრანსნაციონალური მეცნიერება, რომელიც მულტიდისციპლინურ კვლევებზე დგას, ისტორიული ტექსტების თარგმანებს მომიჯნავე დარგებშიც აქტიურად იყენებს. ყველაზე ხშირად ისტორიული ტექსტების თარგმანს მუზეუმები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კულტურული ორგანიზაციები მიმართავენ.

წინამდებარე სტატიაში განხილულია ისტორიული ტექსტის სპეციფიკა, მისი თარგმნის სტრატეგიები; მოყვანილია მაგალითები; მოცემულია თარგმანების სხვადასხვა ვერსია, მათ შორის, ჩემეული. 

 

საკვანძო სიტყვები: ისტორია, მეცნიერება, თარგმანი, კულტურა, სტილისტიკა, ანალიზი.

Publicado
2024-07-15
Sección
სამეცნიერო სტატიები - თარგმანმცოდნეობა