ადამიანად ყოფნის ფილოსოფია ინგა ბახტაძის ესეისტიკაში

  • Guranda Gobiani ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4782-2808

Resumen

,,ადამიანი“, როგორც ყველა დროსა და ეპოქაში ზოგადსაკაცობრიო ფენომენი, დღეს თითქოს ახალს არაფერს გვპირდება თანამედროვე ლიტერატურაში. თუმცა, მწერალმა ინგა ბახტაძემ ნამდვილად მოახერხა ადამიანობის არსის ფილოსოფიის ახლებური იმაგოლოგიური ხორცშესხმა. პრობლემა უძველესია და მას თავისი პრეისტორია აქვს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. ,,შეიცან თავი შენი“ - დელფოს ორაკულის ტაძრის წარწერა, რომელიც სოკრატემ ფილოსოფიური განსჯის ღერძად აქცია, ფაქტობრივად, გახდა კაცობრიობის ისტორიაში ახალი, ანთროპოლოგიური ეპოქის დასაწყისი. აქედან მოყოლებული დღემდე ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი ,,მარადიული პრობლემის“ კვლევის ობიექტი.

კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკათმცოდნე, ისტორიკოსი, პედაგოგი და მწერალი ინგა ბახტაძე, ჩვეული სულიერი არისტოკრატიზმით, დახვეწილი ქართულით, ცოცხალი სიტყვით, შესანიშნავად ახერხებს  მთელი ფილოსოფიური ანთროპოლოგია რამდენიმეგვერდიან ტექსტებში ჩაატიოს. წინამდებარე კვლევის ფარგლებში განხილულია ორ ესე: ,,თუ შეგიცნია” და ,,ისევ შენზე, ადამიანო!”, რომლებშიც ნათლად ჩანს ავტორის დამოკიდებულება ამ ფენომენის მიმართ. მისთვის ადამიანი, კაცი ოდენ სიგრძე-სიგანით არ იზომება, მთავარი საიდუმლოებით მოცული სიღრმეა, რომელსაც თვალი ვერ ხედავს და ჭკუა ვერ სწვდება, ის უნდა შეიცნო.                 

ბახტაძე ადამიანისა და  ადამიანობის განმსაზღვრელ კრიტერიუმად წყალს ირჩევს და არც თუ შემთხვევით. წყალი ბუნებაში ერთდროულად საოცარი პოზიტიური და ნეგატიური მუხტის მატარებელია, ისევე როგორც ადამიანი. ,,ადამიანი-ზღვის” ძიების პროცესში, ინგა ბახტაძე, ჩვეული ორიგინალობითა და მიგნებით, გვთავაზობს ძალიან საინტერესო კონცეპტუალურ სურათ-ხატებს. მისთვის ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის მაინც ქვეცნობიერზე გადის, ეგოსა და ალტერ ეგოს, როგორც თეზასა და ანტითეზას შორის მარადიული დაპირისპირებაზე, საიდანაც გამარჯვებული მხოლოდ ის ადამიანი გამოდის, ვინც ,,ზღვას დაიტევს“, საკუთარი თავის მაძიებელი, ,,ჯიუტი” ადამიანი, რომელიც თავისსავე სულში იმზირება მთელი ჩაღრმავებით და ცდილობს შეიცნოს შეუცნობელი არსი, სწორედ ეს შინაგანი ,,სიღრმე“ ესახება მწერალს პიროვნული თავისუფლების საწყისად, რომელსაც ,,ერთხელშობილი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუ გააცნობიერებს ადამიანად ყოფნის უდიდეს პასუხისმგებლობას, თავის მოკვდაობას და წარმავლობას. ინგა ბახტაძე საჯაროდ ,,აღიარებს“ თავის ,,მარცხს“ ადამიანის არსის შეცნობის მრუდე  გზაზე და ისიც კარგად იცის, რომ ეს რთული, მაგრამ შეუქცევადი პროცესი მარადიულად გრძელდება.

 

საკვანძო სიტყვები: კონცეპტი, იმაგოლოგიური სურათ-ხატი, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, ადამიანი-ზღვა, ეგო, ალტერ-ეგო

Publicado
2024-07-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია