ETHNIC, CULTURAL AND RELIGIOUS FEATURES REFLECTED IN TOPONYM (AFTER THE MOST UP-TO-DATE ETHNOGRAPHIC MATERIAL)
Abstract
ტოპონიმების შესწავლა საშუალებას იძლევა ვიკვლიოთ ეთნოსის ეთნიკურობის, მენტალობის, მატერიალური და სულიერი კულტურა, ცხოვრების წესი, რწმენითი და რელიგიურობის საკითხები.
სამსჯელოდ გამოტანილი ტოპონიმები (ხუცური, საყდრისკარი, საჯვარე, თარანგელოზის ყელი, კოროხა სერი, ნაეკლესიევი, საჯვარე, წესიგორა, ნავანები, ცხრაწყარო, მუხაესტატე, ქვაჯვარი, საბერეხევი, „ბერების წყარო“, ჯგრაგ ბალაში, მინაწყარო, საჯვარე, ნაფუძვერის, ჯგრაგ წეფელში, ჯვარისერი) ეთნიკურ-კულტურული ისტორიის, ადამიანის, თემის, მთლიანად ეთნოსის და უცხო კულტურულ სამყაროსთან ურთიერთობის კვლევის პირველწყროცაა.
საანალიზოდ გამოტანილი ტოპონიმებით ირკვევა მათი შექმნა-სახელდების, სამწერლობო-სალიტერატურო ენის მაწარმოებლებით, დიალექტური მახასიათებლებით გაფორმების წესი; საქართველოს გამაჰმადიანებულ და დაკარგულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულთა (აჭარა და ტაო-იმერხევი) მკვიდრებისაგან ქართული ცნობიერების შენარჩუნების შესახებ.
საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში ტოპონიმების შესახებ მოძიებული ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა ადამიანის „ცხოვრებისეული კანონის“, ურთიერთობების ერთი მთავარი განმსაზღვრელი რწმენა-რელიგიურობის შესახებ.
ტოპონიმთა ხალხური ეტიმოლოგიებით, მათი კომპლექსურ-ეთნოისტორიული კვლევით შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ მართებული ინტერპრეტაციის გამორჩევა, არამედ ტოპონიმთა შექმნის პრაგმატული მიზნების სრულყოფილად წარმოჩენა.
ეთნოსის ენაში, თვითშეგნების საფუძველზე შექმნილი კულტურულ-რწმენითი ყოფის შესახებ მთხრობელი ტოპონიმების სახელად, საქართველოს მხარეებში დასტურდება: „დაკვირვებით საკითხავი და ამოსაცნობ-გასაგები წიგნი“; „მეისტორიე ტოპონიმები“.
ირკვევა საერთოქართველურში გამოყენებული ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობა (განვიხილავთ „უგანათლებულესის“ მაგალითზე); საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში, ისტორიულ წარსულში დადასტურებული მნიშვნელობა დღეს დავიწროებულია.
სამსჯელოდ გამოტანილი, ჩვენეული „მეისტორიე ტოპონიმებით“ და მასთან დაკავშირებული მასალებით გადმოცემული სინამდვილე შეიძლება ცნობილი იყოს სამეცნიერო წრეებისთვის, თუმცა მოხდება აღწერილის განახლება ახალი ინფორმაციით, კვლევით მიღებული შესაბამისი დასკვნებით. შესაბამისად, აწმყო-მომავლის საშურ საქმედ მიგვაჩნია სოციალურ-ყოფით კულტურული ისტორიის ძეგლის, ერის პოლიტიკურ-სოციალური წარსულის, მენტალობის შემსწავლელი წყარო, ქვეყნის გეოგრაფიული ობიექტი ტოპონიმების, მათთან დაკავშირებული მასალების შესახებ ხალხის მეხსიერებაში(/მუზეუმ არქივი) არსებული ცოდნის მოძიება შენახვა, კომპლექსურ-ეთნოისტორიული კვლევა.
საკვანძო სიტყვები: ტოპონიმები, რელიგია, კულტურა, სახელრქმევის პრინციპები, ნაციონალური აზროვნება.