ენობრივი სიტუაცია საქართველოში აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე
Resumen
წინამდებარე სტატიის მიზანია ენობრივი სიტუაციის შესწავლა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მაგალითზე, კერძოდ კი, საქართველოში მცხოვრები ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის აზერბაიჯანელებისა და სომხების სახით. სტატიაში ჩვენ მიმოვიხილავთ კვლევასთან დაკავშირებულ სოციოლინგვისტურ ტერმინოლოგიას, როგორიცაა ტერმინები: „უმცირესობა“, „უმრავლესობა“, „ეთნიკური უმცირესობა“, „ეთნიკური უმრავლესობა“, „ენობრივი სიტუაცია“, „მშობლიური ენა“, „დედაენა“, „პირველი ენა“, „მეორე ენა“, „უცხო ენა“ და სხვ. სოციოლინგვისტური კვლევის მეთოდოლოგიიდან აქცენტი გავაკეთეთ ანკეტური კვლევის მეთოდზე და ამ მიზნით შევადგინეთ სპეციალური სოციოლინგვისტური კითხვარი. სტატისტიკური მონაცემების მოყვანისას, ვიყენებთ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს. აღნიშნული მონაცემის მიხედვით, დადგენილია საქართველოში მცხოვრები უმცირესობები ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, თუმცა, ასევე საინტერესოა ის, თუ როგორი ენობრივი სიტუაცია არის ამ მხრივ საქართველოში, აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობების მაგალითზე. ენობრივი სიტუაციის აღწერის დროს, ჩვენი კვლევის არეალში შემოდის საქართველოში გავრცელებული ის ენები, რომლებიც გამოიყენება ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების მიერ, მათ რიცხვში კი მოიაზრება, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანული და სომხური, როგორც პირველი ენა, ასევე ქართული და რუსული, როგორც მეორე ენა და ინგლისური ან სხვა ევროპული ენა, როგორც უცხო ენა.





