წინადადების წევრთა ასიმილაციისა და დეტერმინაციის მოდელი გურამ დოჩანაშვილის რომანში „ლოდი ნასაყდრალი“
Resumen
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია წინადადების წევრთა სინტაქსური ასიმილაციისა და დეტერმინაციის შემთხვევები გურამ დოჩანაშვილის რომანში ,,ლოდი ნასაყდრალი“. მწერალი მოვლენების ან ფაქტების დასახასიათებლად იყენებს ლექსიკურ ტრანსფორმაციასა და წინადადების ლოგიკურ-გრამატიკული ფუნქციის შეცვლას.
სინატაქსური ასიმილაციის დროს ანალოგიისა და სინონიმიის საფუძველზე სიტყვათა კლასი იცვლის გრამატიკულ როლს. სინტაქსური ასიმილაციის შედეგად თავისი ლექსიკურ-მორფოლოგიური კლასიდან გამოსული სიტყვა კარგავს სინტაქსურ ურთიერთობას, სუსტდება იმ მორფემათა როლი, რომლებსაც ახალ ვითარებაში აღარ აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობა, მაგრამ ამასთან ერთად მათ შეუძლიათ შეინახონ ის თავისებურება, რომელიც ხელს არ უშლის ახალ კონსტრუქციულ ვითარებას.
ისტორიულ პირებთან და მოვლენებთან გავლებულ პარალელებს წარმოაჩენს არსებითი სახელის გაზედსართვება, ზედსართავი სახელის, რიცხვითი სახელის, ნაცვალსახელის გაარსებითება, ზმნის გადასვლა კოორდინაციული რიგიდან სუბორდინაციულ რიგში, ზმნიზედის გადასვლა ზედსართავ სახელსა და თანდებულში.
ავტორი ასიმილაციის წყაროდ ხშირად იყენებს მოქმედებითი ბრუნვის ნიშნით წარმოქმნილ ლექსიკურ ერთეულებს (იძულებითი, დამატებითი, სმენითი, გასვლითი ...), სადაც ბრუნვის ნიშანი დერივატის ფუნქციას ასრულებს.
სიტყვათა კლასის შენაცვლებისას სხვადასხვა ტიპის სიტყვების სუბორდინაციულ თუ კოორდინაციულ ელემენტებად გადაქცევა მნიშვნელოვანია. ისინი ქმნიან ურთიერთ შორის მიმართებას და სინტაქსური დონის ერთეულებად გვევლინებიან. ამ მიმართების დამყარების ერთ-ერთი საშუალება კი დამხმარე მეტყველების ნაწილებია.
სიტყვათა შორის რეალურ სინტაქსურ დაქვემდებარებაზე ძალიან ხშირად გავლენას ახდენს დაქვემდებარებული წევრის პოზიცია გაბატონებულის მიმართ. სიტყვათა კლასის შენაცვლებისას წინადადების სტრუქტურაში ზოგჯერ დარღვეულია მიმართება, დაქვემდებარებული წევრი ეთიშება გაბატონებულ სიტყვას და სხვა მთავარ წევრთან ამყარებს სემანტიკურ მიმართებას. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს ატრიბუტული მსაზღვრელის საზღვრულთან სემანტიკური კავშირის შესუსტება და ზმნა-შემასმენელთან ურთიერთობა. წინადადების წევრთა დეტერმინაცია გურამ დოჩანაშვილის სტილის ერთ-ერთი მახასიათებელია.
საკვანძო სიტყვები: წინადადების წევრთა ასიმილაცია, დეტერმინაცია, სემანტიკური კავშირი, პოზიცია, ფუნქცია, დაქვემდებარება.





