ქართული ხალხური ბალადის - „თავფარავნელი ჭაბუკი“ - რეფლექსია გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „თავფარავნელი ჭაბუკი“

  • Nino Gogiashvili ფილოლოგიის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1, 2200, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-2758-657X

Resumen

ქართული ხალხური ბალადა „თავფარავნელი ჭაბუკი“, რომელიც ქართულ მითადაც შეიძლება მოვიხსენიოთ, ბერძნული ლეანდრესა და ჰეროს მითის ზუსტი ასლი არ არის, თუმცა მოცემული მითის ფაბულაზეა შექმნილი.  გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას - „თავფარავნელი ჭაბუკი“ - ბოლოს მიწერილი აქვს ავტორის მიერ: „ამ მოთხრობას ვუძღვნი გლეხკაცობას - ქართული ხალხური პოეზიის ავტორს“, საიდანაც დასტურდება, რომ მისი ტექსტის ინსპირაცია არა ბერძნული მითი, არამედ მხოლოდ ქართული ხალხური ბალადაა.

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „თავფარავნელი ჭაბუკი“ ხალხური ბალადის კომპოზიციურად აბსოლუტურად დასრულებული ლიტერატურული რეპრეზენტაციაა. ტექსტის ჰერმენევტიკული და კომპარატივისტული კვლევა ცხადყოფს, რომ მწერლის მიერ ჩამოყალიბებული მთავარი პერსონაჟი სწორედ მითოლოგიური საკრალურობითა და მითის პირველქმნილი სისავსითაა წარმოდგენილი.

გურამ დოჩანაშვილი, ხალხური ზეპირსიტყვიერების ინტერტექსტებითა და მწერლის მიერ განცდილი უტყუარი შეგრძნებებით გვიყვება ბრწყინვალე ტრიადაზე, მისეული სამების იდეასა და მის საფეხურებრივ ტრანსფორმაციაზე: სიტყვა (ღმერთი) - ფოლკლორი (ხალხი) - ლიტერატურა (პოეტი). მოთხრობა შემოქმედებით ღმერთთან მიახლოების საზრისზეა დაფუძნებული, და მოცემული საზრისის განვითარების პარადიგმაც ზემოთ მოყვანილი ტრიადის დინამიკას მოიცავს.

თავფარავნელი ჭაბუკი რთულ, თუმცა, ჭეშმარიტ და სინათლისკენ მიმავალ გაზს მიუყვება. მოთხრობაში იკვეთება სიტყვით, პოეზიით, ხელოვნებით ღვთაებრივთან და საკრალურთან მიახლოების პირდაპირი გზა;

გურამ დოჩანაშვილის „თავფარავნელ ჭაბუკში“ ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მთელი თაიგულია: აქ ვხვდებით როგორც სატრფიალო, ასევე შრომის, სალაღობო, სამგლოვიარო და საყოფაცხოვრებო ფოლკლორის ნიმუშებს.

ტექსტში კიდევ ერთხელ იკვეთება „დიადი“ ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა - საზოგადოებისა და საზოგადოებისაგან განსხვავებული პიროვნების ურთიერთობა. ავტორისთვის „დოლაბი“ ის ლიტერატურული კონცეპტია, რომელიც მას ადამიანთა დაუნდობლობის სამხილებლად დასჭირდა.

„თავფარავნელი ჭაბუკის“ ხალხური ბალადა საოცრად დიდ ემოციას იწვევს და უამრავ საფიქრალს ტოვებს; გურამ დოჩანაშვილისეული ლიტერატურული რეფლექსია და ინტერპრეტაცია კი მისი წაკითხვის  ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მოთხრობა ეგზისტენციალური თვალსაზრისით ღრმა და მისტიკურ შრეებს მოიცავს, რომლის განფენილობა ბევრ შესაძლო ვარიანტსა და ინტერპრეტაციას მოიაზრებს; წარმოდგენილი ნაშრომი ერთ-ერთი მათგანის მცდელობაა.

 

საკვანძო სიტყვები: თავფარავნელი ჭაბუკი, ფოლკლორი, ქართული, ხალხური, პოეზია, ბალადა, ზღვა.

 

Publicado
2023-12-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია