ტ.ს. ელიოტისა და ინგლისურენოვანი მოდერნიზმის თეორიული კავშირი ჟან ჟაკ რუსოს განმანათლებლობის მოძღვრების მიმართ
Resumen
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რიგ მოაზროვნეთა წარმოდგენით (ტ.ს. ელიოტი, ტ.ე. ჰიუმი, ი.ბებიტი და ა.შ.), რენესანსულ იდეალთა გაბატონებამ ევროპული საზოგადოების თანდათანობითი დეგრადაცია, ფასეულობათა ნიველირება და საბოლოო კატასტროფა გამოიწვია. ამ პროცესის მთავარ პრობლემად კი ე.წ. კრიზის ხანის მოაზროვნეები განმანათლებლობის მოძღვრებას, უფრო კონკრეტულად კი მე-18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოს ასახელებდნენ. თავიანთ თეორიულ ნაშრომებში მოდერნისტები ხშირად მკაცრად აკრიტიკებდნენ რუსოსა და მის იდეოლოგიას, ბრალს დებდნენ სახიფათო ნიჰილიზმისა და ისეთი მორალური ანარქიის ჩამოყალიბებაში, რომელსაც მთელი ევროპული ცივილიზაციისთვის დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა და, ფაქტობრივად, ცენზორების როლში გამოდიოდნენ. სტატიაში გამოკვლეულია ამ მეტად საგულისხმო პოლემიკის საფუძვლები, მიზეზები და შედეგები. რუსოსთან დამოკიდებულების გამოკვეთა დაკავშირებულია მოდერნიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებასთან - ევროპულ კულტურულ ტრადიციათა გადაფასებისაკენ სწრაფვასთან. მსჯელობის ნაწილში ასევე განხილულია ის სისტემა, რომელიც რუსოს ‘სახიფათო’ მოაზროვნეს და ხშირი კრიტიკის ობიექტს ხდიდა მოდერნისტებისთვის. ამ მხრივ, საყურადღებოა ბუნებისა და ადამიანის ასახვის ტენდენციები როგორც განმანათლებლობის, ისე მოდერნიზმის ფარგლებში. სტატიაში გამოკვეთილია ლიტერატურისა და კულტურის ისტორიაში ორი ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგია, რომელსაც წარმოადგენს ერთის მხრივ, ტ.ს. ელიოტი, მოდერნისტები და ე. წ. კრიზისის თეორეტიკოსები, ხოლო მეორე მხრივ, განმანათლებლობა და კერძოდ, ჟან-ჟაკ რუსო. საბოლოოდ, სტატიის მიზანია არა მარტო კულტურულ ტრადიციათა გადაფასების ტენდენციის გაანალიზება, არამედ რუსოს განმანათლებლობის ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის განსაზღვრა ლიტერატურული მოდერნიზმის ჩამოყალიბების თეორიულ პრინციპებში.
საკვანძო სიტყვები: მოდერნიზმი, ტ.ს. ელიოტი, განმანათლებლობა, ჰუმანიზმი, ჟან-ჟაკ რუსო.





