პოსტკოლონიური ასპექტები სალმან რუშდის რომანებში „შუაღამის შვილები და „ეშმაკეული აიები“
Resumen
სტატიაში განხილულია პოსტკოლონიური ასპექტები სალმან რუშდის რომანებში „შუაღამის შვილები“ და „ეშმაკეული აიები“. პოსტკოლონიალისტური კვლევა თავისი გაგებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ლიტერატურული დისციპლინა. ის ფაქტობრივად მოიცავს მთელი მსოფლიოს მწერლობას.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მწერლებმა დაიწყეს პოსტკოლონიალიზმის გავლენით შექმნილი ნაწარმოებების გამოქვეყნება. პოსტკოლონიალისტური ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდია. მისი რომანი „შუაღამის შვილები“ პოსტკოლონიალისტური ლიტერატურის ცენტრალურ ტექსტად რჩება. რუშდის ამბიციური რომანი უარყოფს ინდოეთის ბრიტანულ ვერსიას და ცდილობს მკითხველს ინდოეთის ისტორია უშუალოდ დაპყრობილი ქვეყნის პოზიციიდან უჩვენოს, რუშდი გარკვეულწილად, ისტორიის გადაწერას ცდილობს.
„შუაღამის შვილებში“ ერთმანეთს ენაცვლება მაგიური და რეალური სიუჟეტები. თხრობა ქაოტურია, წარსულისა და აწმყოს მოვლენები ერთმანეთშია არეული. როგორც რუშდი ამბობს წერის პროცესში, ის ხედავდა თუ როგორ ერწყმოდა ერთმანეთს ძველი ინდური ზეპირმეტყველებითი ნარატიული ფორმები, ინდური ქალაქის ხმაური და მუსიკა.
როგორც პოსტკოლონიალისტი ავტორი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მიგრაციის სირთულეები რუშდი თავის რომანში “ეშმაკეული აიები“ ინდოეთიდან ინგლისში მიგრაციის საკითხს ეხება და ცდილობს დაანახოს მკითხველს ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც უხდებოდათ მიგრანტებს.
ერთი შეხედვით მაგიური, არარეალისტური ეპიზოდებით რუშდი ინგლისში მიგრანტთა მდგომარეობას განიხილავს, თუ როგორ შეიცვალა მათი იდენტობა მუდმივი შეზღუდვისა და უუფლებობის პირობებში. ბუნებრივია, მეტაფორულია მათი ჰიბრიდულ არსებებად გარდასახვაც და ზუსტად გამოხატავს მიგრირებულთა ყოფას - ნახევრი ადამიანი დარჩა მათგან.
რომანების პერონაჟების ფანტასმაგორიული თავგადასავლის პარალელურად რუშდი აღწერს კოლონიალიზმის პირობებში მცხოვრებთა გაორებულ გრძნობებს - ერთი მხრივ, მათი კულტურული ასიმილაციის, მეორე მხრივ კი, საკუთარი ეროვნული ტრადიციის და კულტურის, იდენტობის შენარჩუნებას სურვილს.
საკვანძო სიტყვები: პოსტკოლონიალიზმი, ჰიბრიდიზაცია, იდენტობა, რუშდი, სალმან.





