გენდერული დისბალანსი სიმინ დანეშვარის რომანებში
Resumen
მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მსოფლიო პოლიტიკურმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებების თვალსაზრისით განხორციელებულმა სასიკეთო ცვლილებებმა ბიძგი მისცა ირანში ფემინისტური საქმიანობის გააქტიურებას. ამ გზაზე ერთ-ერთი პირველნი ლიტერატურის წარმომადგენლები გახდნენ. ამ პერიოდის სპარსულმა ლიტერატურამ აქტიური ნაბიჯები გადადგა პატრიარქალური ირანის კაბალაში მოქცეული ქალის გასათავისუფლებლად.
თუკი ადრე, თანამედროვე პროზის განვითარების საწყის ეტაპზე, ქალის პრობლემებზე და მის სულიერ სამყაროზე მხოლოდ მამაკაცები წერდნენ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან სპარსულ ლიტერატურაში მწერალი ქალებიც გამოჩნდნენ და თავადვე დაიწყეს საკუთარ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი.
სიმინ დანეშვარი პირველი პროფესიონალი ირანელი ქალი პროზაიკოსია, რომელმაც გაბედა და თავის ნაწარმოებებში ასახა ის აქტუალური და მძიმე საკითხები, რომლებიც ტვირთად აწვა ირანელ ქალს და პერსონაჟთა მრავალფეროვანი სახეები შექმნა. მან თავისი ნაწარმოებებით განსაკუთრებული კვალი დატოვა თანამედროვე სპარსულ მწერლობაში და, იმავდროულად, საფუძველი ჩაუყარა ირანში ქალთა ლიტერატურის ჩამოყალიბებას.
სიმინ დანეშვარი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ფონზე აღწერს პატრიარქალური საზოგადოების კაბალაში მოქცეული ქალის ყოფას და მის მიმართ ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას. მწერალი რეალობის სიმბოლურ-მითოლოგიური გააზრების საშუალებით ცდილობს აჩვენოს მკითხველს ირანელი ქალის ცნობიერების სრული გარდაქმნა იდენტობის ძიების გზაზე.
მისი ნაწარმოებები თვალსაჩინოს ხდის არა მხოლოდ ირანის საზოგადოებაში ალთა მიმართ დამოკიდებულებას, არამედ თავად ქალების მიმართებას საკუთარი ადგილის, დანიშნულების, სოციალური როლის, უფლებებისა და თავისუფლებისადმი.
საკვანძო სიტყვები: ქალთა ლიტერატურა, ქალთა უფლებები, ფემინიზმი, სიმინ დანეშვარი, სპარსული ლიტერატურა.





