ნიკოლოზ გულაბერისძის ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო შეხედულებანი და ივანე ჯავახიშვილი
Resumen
ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულება - „საკითხავი სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“, რომელიც ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო მოძღვრებას ასახავს, უმნიშვნელოვანეს ქართულ ორიგინალურ ნაწარმოებად მიიჩნია ივანე ჯავახიშვილმა და მნიშვნელოვანი შეხედულებანი გამოთქვა თხზულების მიზანდასახულობის, ისტორიის ფილოსოფიისა და ესთეტიკური შეხედულებების შესახებ, რაც ბიზანტიურ მწერლობასთან შედარების საფუძველზე განიხილა და წარმოაჩინა მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი. ნიკოლოზ კათალიკოსმა თავის თხზულებაში აღნიშნა, რომ ქართველებს არ ჰქონიათ ჩვევად ფილოსოფიური აზროვნებისა და ენამჭევრობისა, სამეცნიერო გამოძიებისა. სწორედ ეს საკითხი გახდა ივანე ჯავახიშვილის დაკვირვების საგანი. მისი აზრით, ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულება სიახლეა, რადგან თვით ნიკოლოზმა თავისი ზემოხსენებული ნაშრომი სწორედ „ჴელოვნების ნასიბრძნად“ მიიჩნია და წარუდგინა მკითხველს. მეცნიერმა აღნიშნა კიდეც, რომ კათალიკოსი ფილოსოფიურ მსჯელობას, ნასიბრძნს ამჯობინებს, ვიდრე ისტორიულ სხვადასხვა საკითხზე საუბარს, ისიც სრულიად მართებულად აღნიშნა, რომ ნიკოლოზის თხზულება დალაგებული, „შემდგომითი შემდგომადი მოთხრობა“ არაა. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია „საკითხავში“ დასმულ ქართველთათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე. მან ფილოსოფიური საფუძვლები დაუძებნა ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებაში დამოწმებულ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „მგონებლობითი აღწერაჲ“, „ძიება“, „გამოძიება“, „საძიებელი“, რომლებიც წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობის რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრისათვის სჭირდება. ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებაში დასმული ისტორიული, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო საკითხები ერთმანეთთან კავშირშია განხილული და შეფასებულია ივანე ჯავახიშვილის მიერ როგორც ერთიანი სისტემა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზს განუზრახავს იმ ნაკლის შევსება, რომელიც ქართველებს სხვა ერებთან, კერძოდ, ბერძნებთან შედარებით ჰქონდათ. ივანე ჯავახიშვილის სტატიის უმთავრესი მიზანი იყო ნიკოლოზ გულაბერისძის როგორც ისტორიკოსის, ფილოსოფოსის, საეკლესიო ისტორიის ღრმა მცოდნის სახის ჩვენება და ამ შეხედულებათა მნიშვნელობის განსაზღვრა, რის განხილვამაც იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნიკოლოზს ჰქონია დაკვირვებისა და ღრმა აზროვნების უნარი და ნიჭი. თუმცა, მისი ნიჭის სრულ გამოხატულებად მისი თხზულება არ მიაჩნია და გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ მას მეტის გაკეთება შეეძლო, რის საფუძველსაც იძლევა ფილოსოფიის, ესთეტიკის, საეკლესიო ისტორიის, ისტორიის ფილოსოფიის შესახებ თხზულების დასაწყისში მსჯელობა.
საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ გულაბერისძე, ივანე ჯავახიშვილი, წმ. ნინო, უფლის კვართი, ფილოსოფია, ესთეტიკა, საეკლესიო ისტორია, ისტორიის ფილოსოფია.





