შტეფან ცვაიგი ქართულ-უცხოურ კულტურათა შორის ურთიერთობათა ჭრილში
Resumen
XX საუკუნის 20-იან წლებში რამდენიმე უცხოელი მწერალი, პროზაიკოსი გამოჩნდა მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე: რომენ როლანი, ანრი ბარბიუსი, შტეფან ცვაიგი... მათ გატაცებით კითხულობენ, მის შესახებ მსჯელობენ. ქართულ კულტურულ სივრცეში შტეფან ცვაიგის (1881-1942) შემოქმედება წარმოადგენდა საკმაოდ პოპულარულ საკითხავს. 1927 წელი შეიძლება მივიჩნიოთ ქართულ ენაზე მისი თარგმნის საწყის წერტილად.
შტ. ცვაიგის ნაწარმოებების („ამოკი“, „შიში“) თარგმნა განხორციელდა შუალედური ენიდან ცისფერყანწელის, ლელი ჯაფარიძის (1895-1934) მიერ, რასაც მოჰყვა უშუალოდ გერმანული ენიდან გრიგოლ რობაქიძის თარგმანებიც, რითაც საფუძველი ეყრება მის ღრმა დაინტერესებას ცნობილი ავსტრიელი მწერლის ცხოვრება-შემოქმედებით. ლ. ჯაფარიძის პირველ თარგმანებს („ამოკი“, „შიში“) მოჰყვა გამოხმაურებაც კრიტიკაში (პლატონ ქიქოძე - „სტეფან ცვაიგ-„ამოკ“. თარგმანი ლ. ჯაფარიძისა, გამომცემლობა „შრომა“, თბილისი, 1927 წ.), რითაც შეფასდა არამარტო რუსული ენიდან შესრულებული თარგმანი, არამედ თვით ავტორის - შტეფან ცვაიგის - შემოქმედებაც, როგორც „წმინდა ბურჟუაზიული და დეკადენტური“ მწერლისა. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ქართველი მთარგმნელებისათვის ხელი მოეკიდათ შტეფან ცვაიგის შემოქმედების თარგმნის პროცესისათვის. ითარგმნებოდა როგორც მისი ნოველები, ისე რომანებიც. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა XX საუკუნის 40-იანი წლების შემდგომი პერიოდისათვის (ვახტანგ ბეწუკელი, ელისო ბეწუკელი, ოთარ ხუციშვილი, ნონა კალანდარიშვილი, კარლო ჯორჯანელი, არჩილ ებრალიძე). შტეფან ცვაიგით დაინტერესება გრძელდება XXI საუკუნეშიც (თინათინ დიდებულიძე) მსოფლიო ლიტერატურის სერიით გამოქვეყნებული კლასიკის შედევრების სიას შეემატა შტ. ცვაიგის თარგმანებიც (პირველი სერიის ტ.76), რასაც წარემძღვარა კარლო ჯორჯანელის ვრცელი წერილი მწერლის შემოქმედების შესახებ („უნაპირო ჰუმანიზმი“). ლ. ჯაფარიძის პირველი თარგმანის შემდგომ გამოდის კოტე მარჯანიშვილის მუნჯური ფილმი „ამოკი“ (1927 წ.) რასაც მოჰყვა კიდეც უარყოფითი გამოხმაურება „პროლეტარიატის მომღერალი“ კრიტიკოსების მიერ.
შტ. ცვაიგის ურთიერთობა პირადი შეხვედრებით დაკავშირებულია ლ. ტოლსტოის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მწერლების ზეიმზე მოსკოვში, რასაც მოჰყვა ტ. ტაბიძის „ტოლსტოის დღეები“, გრიგოლ რობაქიძის ამავე სახელწოდების წერილი ჟურნალ „მნათობში“ 1928 წელს. იქ დაწყებული მეგობრობა, მიმოწერა გრძელდებოდა წლების მანძილზე. სტატიის მიზანი მდგომარეობდა არამარტო პუბლიკაციების, შეხვედრების ისტორიის აღნუსხვაში, არამედ იმ რეცეფციული პროცესის წარმოჩენა-გაანალიზებაში, რაც განაპირობა უპირველესად თარგმანებმა ქართულ ენაზე და ამით მწერლის პოპულარიზაცია მკითხველ საზოგადოებაში თაობების მანძილზე.
საკვანძო სიტყვები: შტეფან ცვაიგი, თარგმანები, რეცეფცია, გრიგოლ რობაქიძე.





