დავით კასრაძის ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ცხინვალის რეგიონის სამწერლო და კულტურულ ტრადიციებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით დავით კასრაძის პიროვნებას. XX საუკუნის დამდეგიდან, მის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე საყურადღებო წვლილი შეაქვს ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებასა და კულტურულ ფასეულობათა განვითარებაში.

დავით კასრაძე თავისუფლად საუბრობდა ინგ­ლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1923 წელს სათა­ვეში უდგება ბათუმის გაზეთს „მწვერვალი“. ევროპულ ცივილიზაციას ნაზიარები შემოქმედი წინა პლანზე აყე­ნებს სოციალურ პრობლემატიკას. ეს აზრია გატარებული 1912 წელს გამოქვეყნებულ რომანში „როსკიპი“ („გურანდა“), „კეთრი“ (1928) და ა.შ.

ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა რომანი - „ჩემი სამაჩაბლო“, რომელიც ავტორს 1915 წელს შეუქმნია. სამწუხაროდ, ნაწარმოები დაუსრულე­ბელია, თუმცა მასში წამოჭრილი ბევრი პრობლემა სადღეისოდ მეტად აქტუალურია, უფრო მეტიც, ჩვენს მოუშორებელ იარად ქცეულა.

ხსენებულ რომანში ქართული სოფლის ცხოვრების ფონზე ნაჩვენებია ახალი ეპოქის ის ძლიერი სოციალური და პოლიტიკური ძვრები, „ჩვენი სამაჩაბლოს“ გამო­ქვეყ­ნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთლიანად რომ მოიცვა სრულიად საქართველო. შეიძლება ითქვას, მწერალმა ზუ­სტად იწინასწარმეტყველა ის გაუგონარი სიძნელეები, რომლებიც მოკლე ხანში რეალობად იქცა საქართველოს­თვის.

რომანში საუცხოოდ იგრძობა ავტორისეული ეპო­ქის სურნელი. დ. კასრაძე წარმოგვიდგება, როგორც პერ­სონაჟთა და პრობლემურ სიტუაციათა რელიეფურად ხატვის უბადლო ოსტატი. საგანგებოდაა ყურადღება გამახვილებული ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, რო­მ­ლებსაც, სამწუხაროდ, გარკვეულწილად დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.

უანგარიშო ხელგაშლილობამ დაგვაყენა უფსკრულის პირას ცხინვალში, აფხაზეთში... როგორც ჩანს, ეს პრობლემა ახალი სულაც არ გახლდათ და მისი  ფესვები ათწლეულების მიღმაა საძებარი. დავით კასრაძე „ჩემი სამაჩაბლოს“ ფურცლებიდან ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს მიანიშნებდა ამ საფრთხეზე.

ამავე საფრთხეზე თავის დროზე მიხეილ ჯავახი­შვილიც მიუთითებდა. იგი ხომ ერთი პირველთაგანი გახლდათ, ვინც გზა გაუკაფა მეოცე საუკუნის რომანს, ერთი პირველთაგანი, ვინც წინა პლანზე წამოსწია ჯაყოობის პრობლემა და საზოგადოებას დაფიქრებისკენ მოუწოდა.

საერთოდ, მ. ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნებში“ ასა­ხავს იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც XX საუკუნის პირველი ათწლეულებისთვის იყო დამახასიათებელი. მწერალი ცდილობს ოპერატიულად გამოეხმაუროს იმ აქტუალურ, საჭირბოროტო პრობლე­მურ საკითხებს, რომლებიც მისი ქვეყნის უპირველესი საწუხარი გამხდარა.

როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ისე დავით კასრაძის შესანიშნავმა თხზულებებმა სამართლი­ანად მიიპყრო მკითხველის ყურადღება. ასეთი მაღალ­იდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოებების დაბადე­ბა ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების თვალსაჩინო მო­ვლენაა. დიდ ეროვნულ მოღვაწეთათვის დამახასია­თებელი მხატვრული ოსტატობით მოცემულ თხზუ­ლე­ბებში გამოკვეთილი ქართულ-ოსური ურთიერთო­ბანი დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას.

 

საკვანძო სიტყვები: ცხინვალის რეგიონი, ლიტერატურული და კულტურული ტრადიციები, ქართულ-ოსური ურთიერთო­ბანი, ლიტერატურული ცხოვრება, სამაჩაბლო.

 

Publicado
2023-12-18
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია