ალექსანდე ჭავჭავაძის იდეურ-პოლიტიკური მრწამსის შესახებ

  • Nana Araikhamia სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ა. პოლიტკოვსკაიას 61, 0186, ქ. თბილისი, საქართველო http://orcid.org/0009-0007-5980-2752
Palabras clave: ალექსანდრე ჭავჭავაძე, რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა, ბრძოლა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

Resumen

მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი საქართველოს ისტორიულ სინამდვილეში ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის თავდადებული ბრძოლის პერიოდად მოიაზრება, როდესაც რუსული კოლონიური ძალები ცდილობდნენ მოესპოთ ქართული ეროვნული იდენტობა და სახელმწიფოებრიობა, ხოლო ქართული საზოგადოება, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიის ზრახვებს. უდავოა, რომ აღნიშნული პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების მებაირახტრეებად  ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები გვევლინებიან; ამდენად, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა ლიტერატურული შემოქმედების სულისკვეთებას განსაზღვრავს ეროვნულ-პატრიოტული მოტივი, პროტესტის გრძნობა არსებული სინამდვილის მიმართ, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის იდეა და სხვ. წინამდებარე სტატიაში წარმოჩენილია, თუ რა გავლენა იქონია მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიულმა სინამდვილემ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე; რამ გამოიწვია ქართულ სამეცნიერო სივრცეში არსებული არაერთგვაროვანი შეფასებები მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მოქალაქეობრივი მრწამსისა და შემოქმედების მიმართ; რატომ დაისვა საკითხი ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების პერიოდებად დაყოფასთან დაკავშირებით. სტატიაში მოხმობილი ფაქტები, არგუმენტები, აღიარებული კლასიკოსების შეხედულებები ადასტურებს, რომ ალ. ჭავჭავაძეს ეროვნული სატკივრის გარეშე არასოდეს უცხოვრია - არც 1832 წლის შეთქმულებამდე და არც მისი დამარცხების შემდეგ; არსებითად, არ მომხდარა მწერლის პოლიტიკური მრწამსის  სახეცვლილება. იმ ისტორიულმა ეპოქამ, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, იმ რეალობამ, რომელშიც აღმოჩნდა მისი სამშობლო, განაპირობა მისი გადახრა შემგუებლობითი პოლიტიკისკენ. ალ. ჭავჭავაძის რუსეთთან შემგუებლობითი პოლიტიკისა და იმპერიის სამსახურში ჩადგომის ძირითადი მიზეზი ეროვნული საქმის  კეთებით იყო განპირობებული. თავად ევროპული განათლების მქონე ალ. ჭავჭავაძე აცნობიერებდა, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი მისი ქვეყნისთვის გამოსავალს განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა წარმოადგენდა; პოლიტიკური გამჭრიახობით დაჯილდოვებული პოეტი ხვდებოდა, რომ მხოლოდ მშვიდობიანობის შენარჩუნებით შეიძლებოდა იმ დიდი საქმის კეთება, რასაც ერში განათლებისა და კულტურის შემოტანა ჰქვია, რადგან განათლებული ერის დამონება და ეროვნული იდენტობის შეცვლა   პრობლემას წარმოადგენს ყველა დამპყრობლისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ამიტომაც, შემგუებლობითი პოლიტიკის  საფარქვეშ  ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის გზა აირჩია ღირსეულმა მამულიშვილმა.

 

საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ჭავჭავაძე, რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა, ბრძოლა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.  

Publicado
2023-12-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია