ისლამური ირანის რეპრეზენტაცია ორ თანამედროვე სპარსულ რომანში: რეკლამა და ანტირეკლამა

  • Mzia Burjanadze ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0009-0001-1305-8653

Resumen

წიგნის საერთაშორისო ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე სპარსული ლიტერატურა მსოფლიოში არ არის იმდენად პოპულარული და დაფასებული, რამდენადაც, შესაძლოა, იმსახურებდეს.

ამ მოვლენას, მის სავარაუდო მიზეზებსა და გარემოებებს აქტიურად იკვლევენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ირანშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც.

წინამდებარე სტატიის მიზანია, ორი თანამედროვე რომანის შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე დაადგინოს, რა როლს ასრულებენ ირანში მოქმედი სახელმწიფო საგრანტო პროექტების მიერ დაფინანსებული მთარგმნელობითი ცენტრები ან სააგენტოები მსოფლიოში სპარსული ლიტერატურის  პოპულარიზაციის საქმეში.

კვლევამ აჩვენა, რომ,  არსებული პოლიტიკური რეჟიმის გათვალისწინებით, ირანის მთარგმნელობით-საგამომცემლო სააგენტოების საქმიანობა წინასწარვე წარუმატებლობისთვისაა განწირული. თითქმის შეუძლებელია, დასავლეთმა მიიღოს და წაახალისოს ის ლიტერატურა, რომელიც ნებადართულია ოფიციალური ირანის მიერ. ასევე, გამორიცხულია, რომ ირანის ოფიციალურმა ინსტიტუციებმა თარგმნონ და დასავლურ სამყაროს მიაწოდონ მისთვის მისაღები ლიტერატურული პროდუქცია.

დასავლური სამყაროს მასობრივი მკითხველის დაკვეთის გათვალისწინებით, ირანის ხელისუფლებისთვის მიუღებელი რომანი, ემიგრანტი მწერლის შექუფე აზარის „ალუჩის ხის ემანაცია“, ბუნებრივად მოხვდა აზიური ბუკერის პრემიის მოკლე სიაში. მწერალი თითქოს დასახულ მიზანს და შედგენილ გრაფიკს მიჰყვება იმ საკითხების ჩამონათვალით, რაც აღმოსავლეთის ტოტალიტარული სახელმწიფოებიდან ემიგრირებულ მწერალს მოეთხოვება, რათა დასავლეთის ლიტერატურულ წრეებში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

ებრაჰიმ ჰასანბეიგის რომანი კი, „ეკლესიის ზარები რეკას იწყებენ“, რომელიც ირანის მთარგმნელობითი სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი წიგნების ჩამონათვალშია შესული,  გამოკვეთილად ისლამური რევოლუციის სარეკლამო ბანერს წარმოადგენს და დასავლური სამყაროსთვის სრულიად უინტერესოა.

ამ ორი რომანის შეპირისპირებითი ანალიზი ცხადჰყოფს, თუ რატომ არის ირანის კულტურისა და ისლამური დამოძღვრის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო-მთარგმნელობითი პროექტები წიგნის  საერთაშორისო ბაზრისთვის უმოქმედო.

რა თქმა უნდა, ძნელია მტკიცება, რომ საერთაშორისო ბაზარზე თანამედროვე სპარსული მხატვრული ლიტერატურის არაპოპულარობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მთარგმნელობითი ცენტრების იდეოლოგიური ფუნქციაა, მაგრამ ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად კი მისი მიჩნევა უპირობოდ შეიძლება.

 

საკვანძო სიტყვები: ისლამური ირანი,  ორი თანამედროვე სპარსული რომანი, რეკლამა და ანტირეკლამა.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია