კიდევ ერთხელ გრიგოლ ორბელიანის გაორებული პიროვნების შესახებ

  • Nana Arakhamia სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 61, 0186, საქართველო http://orcid.org/0009-0007-5980-2752

Resumen

გრიგოლ ორბელიანი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ სინამდვილეში. მის მიმართ ინტერესს ორი გარემოება განაპირობებს: გრიგოლ ორბელიანის, როგორც შესანიშნავი ქართველი რომანტიკოსის ლიტერატურული მემკვიდრეობა და ამავდროულად, მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სამხედრო პირის საზოგადო მოღვაწეობა. წინამდებარე სტატიაში ჩვენი სამეცნიერო ინტერესის არეალი შემოიფარგლება გრიგოლ ორბელიანის, როგორც სამხედრო პირის მოღვაწეობით, რამაც უთუოდ დააჩნია კვალი მისი, როგორც რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებას. ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში ეს საკითხი დღემდე აქტუალურია და სხვადასხვა კონტექსტში განიხილება. მეცნიერ-მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 1832 წლის შეთქმულების შემდეგ სულიერად დათრგუნულმა პოეტმა ერთგვარი შვება წარმატებულ სამხედრო კარიერაში პოვა. შევნიშნავთ, რომ ამ მოსაზრებას ვხვდებით პოეტის სიცოცხლეშივე, მის თანამედროვეთა შეფასებებში. მკვლევართა მეორე ნაწილი კი, უარყოფს ზემოაღნიშნულს და ავითარებს აზრს, რომ რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებასაც და სამხედრო კარიერასაც ერთი სულისკვეთება განაპირობებდა - ქვეყანაში მშვიდობიანობის შენარჩუნება და ზრუნვა მის საკეთილდღეოდ. დაისმის რელევანტური კითხვა, თუ რა შეესაბამება სიმართლეს; მართლაც მოხდა თუ არა გარდატეხა გრიგოლ ორბელიანის ცნობიერებაში 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ; არის თუ არა გრიგოლ ორბელიანი გაორებული პიროვნება: ერთი მხრივ, გულმხურვალე პატრიოტი (რაც მისი შემოქმედებითაც დასტურდება) და მეორე მხრივ, პიროვნება, რომელმაც იმპერიასთან ურთიერთობაში შემგუებლურ პოლიტიკას მიანიჭა უპირატესობა. სწორედ ამ (და სხვა) კითხვებზე შევეცდებით პასუხის გაცემას ქართულ სამეცნიერო სივრცეში არსებული მასალებისა და მწერლის ეპისტოლარული მემკვიდრეობის გათვალისწინებით. სტატიაში მოხმობილმა გრიგოლ ორბელიანის წერილებმა, დაწერილმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ, დაადასტურა ილია ჭავჭავაძის (და სხვა მკვლევართა) თვალსაზრისი, რომ  გრიგოლ ორბელიანის სამხედრო კარიერისა და მოღვაწეობის განსასჯელად მის  წერილებს უნდა მივმართოთ, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ გასაღებს გასაანალიზებელი საკითხის მართებულად წარმოსაჩენად. გაანალიზებული მასალები ნათელი დასტურია, რომ გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება და მისი სამხედრო მოღვაწეობა ერთი მთლიანი და სინთეზური შეზავებაა სამშობლოს ერთგულებისა და მის მიმართ ღირსეული სამსახურისა.

 

საკვანძო სიტყვები: გრიგოლ ორბელიანი, გაორებული პიროვნება, ეპისტოლარული მემკვიდრეობა.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია