არა/არ ნაწილაკის გამოყენების თავისებურებანი ზეპირმეტყველებაში
Resumen
თანამედროვე გაბმულ მეტყველებაში ძალიან ხშირია არ ნაწილაკიანი წინადადებების გამოყენება დადებითი შინაარსით. ამგვარი სემანტიკით ასევე გვხვდება მწერლობასა და მასმედიაშიც, იგულისხმება ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს... ტიპის გამოთქმები. დადებითი შინაარსით არ ნაწილაკიანი წინადადებები ძირითადად მიმართებითი ნაცვალსახალებისა და მიმართებითი ზმნიზედების შემცველ კონსტრუქციებში გვხვდება, მაგრამ ასევე ხშირია ის სხვა შესიტყვებებშიც: რა არ გააკეთა, როგორ არ ეცადა, ვინ არ მიუგზავნა...
დასახელებულ შემთხვევებში არ ნაწილაკი სტილისტიკური დანიშნულებითაა გამოყენებული. აღნიშნულია, რომ (რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს... სახის შესიტყვებებში) ამას მოითხოვს გამოთქმისთვის ექსპრესიულობის შენარჩუნება, ხოლო რიგ შემთხვევებში – მისი გაძლიერების საჭიროება. ასეა რა არ გააკეთა, როგორ არ ეცადა, ვინ არ მიუგზავნა... ტიპის შესიტყვევების შემცველ კონსტრუქციებშიც. მაგრამ აქ ერთი გარემოებაცაა დასამატებელი – მისით არა უარყოფით შინაარსი, არამედ, პირიქით, დადებითი სემანტიკა აღინიშნება. ის აძლიერებს უნდათი გამოთქმულ მოქმედებას. ერთი შეხედვით შინაარსობრივი უზუსტობაა, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, ამას ვერ შეძლებ, ვინც არ უნდა იყო, მაინც არ შეგრჩება ტიპის წინადადებში არ ნაწილაკის დამატებით გამოდის, რომ მოქმედების უარყოფითად გადმოცემაა მაშინ, როცა კონტექსტი დადებითს გულისხმობს. შდრ.: რაც უნდა გააკეთო, ვინც უნდა იყო... მაგრამ დასახელებულ წინადადებებში სწორედ არ ნაწილაკი უსვამს ხაზს წინადადებით გამოხატული მოქმედების შესრულებაზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოხმობილი სახის წინადადებები სწორედ სტილისტიკური შინაარსითაა განპირობებული და შეცდომადაც არ უნდა ჩაითვალოს. აქაც მსჯელობის ნეგატიური ფორმა პოზიტიურის ფუნქციით არის გამოყენებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფორმით უკუთქმითი, შინაარსით კი წართქმითი წინადადებებია.
საკვანძო სიტყვები: სინტაქსი, ზეპირმეტყველება, ნაწილაკი





