ქალის ადგილისა და დანიშნულების ძიება შაჰრნუშ ფარსიფურის რომანში „თუბა და ღამის არსი“

  • Maia Talakhadze ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 1, 0106, საქართველო, http://orcid.org/0009-0002-6223-4147
Palabras clave: ქალთა ლიტერატურა, ქალთა უფლებები, შაჰრნუშ ფარსიფური, ფემინიზმი, სპარსული ლიტერატურა.

Resumen

აბსტრაქტი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით, ირანის ისლამური რევოლუციის შემდგომ ეტაპზე, თანამედროვე სპარსულ მწერლობაში „ქალთა ლიტერატურის“ ჩამოყალიბებამ სახე უცვალა მანამდე არსებულ გამომსახველობით ფორმებს და მეტი ინდივიდუალობა შესძინა ნაწარმოებებს. საზოგადოებრივი პრობლემების, ყოფიერების არსის, აკრძალული სიყვარულისა და მარტოობის თემების გარდა, მწერალმა ქალებმა, დროის შესაბამისად, რევოლუციის, ემიგრაციის, ომების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების განხილვა დაიწყეს. თავიანთ ნაწარმოებებში ისინი საუბრობენ ირანის პატრიარქალური საზოგადოებისთვის აქამდე ტაბუდადებულ თემებზე, რომლებიც ძალიან აქტუალური და პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში. ეს საკითხებია: ოჯახური და გენდერული ურთიერთობები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დეპრესია, ნაადრევი ქორწინებები და სხვა. ამიტომ დღითიდღე მატულობს მათი ნაწარმოებების მკითხველთა რაოდენობა.  

შაჰრნუშ ფარსიფური - ირანელი ემიგრანტი მწერალი - თანამედროვე სპარსული პროზის ე.წ. „ქალთა ლიტერატურის“ წარმომადგენელია. მისი ნაწარმოებების მთავარ თემას ქალის შინაგანი სამყაროს კვლევა წარმოადგენს.

შაჰრნუშ ფარსიფურის რომანი „თუბა და ღამის არსი“ მეოცე საუკუნის ირანის ისტორიის ერთგვარი მხატვრული გააზრებაა და მასში, ირანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ფონზე, თვალნათლივ იკვეთება ქალის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები: თუ რა როლი აქვს საზოგადოებას ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად კი - ქალის  ბედის განსაზღვრაში; რამდენად დიდია ტრადიციისა და ცრურწმენების ტყვეობაში მყოფი სოციუმის გავლენა ადამიანის ყოფასა და სულზე; რამდენად რეალურად აისახა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ მოპოვებული საზოგადოებრივ-კულტურული ცვლილებები ქალთა უფლებებსა და ადგილზე საზოგადოებასა და ოჯახში.

რაც მთავარია, რომანში კარგად ჩანს მწერლის ფართო მსოფლაღქმა: ფემინიზმი ფარსიფურისთვის ბევრად უფრო მრავლისმომცველი მოვლენაა, ვიდრე საზოგადოებაში ქალის უფლებებისთვის ბრძოლა ან მისი საზოგადოებრივი დანიშნულების განსაზღვრა შეიძლება იყოს. მწერალი ქალს სიყვარულის, სინათლის, ნაყოფიერების წყაროდ მოიაზრებს. სწორედ  ეს კომპონენტი სძენს მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს. 

 

საკვანძო სიტყვები: ქალთა ლიტერატურა, ქალთა უფლებები, შაჰრნუშ ფარსიფური, ფემინიზმი, სპარსული ლიტერატურა.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია