ფრიდრიხ ნიცშე - ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ ტექსტი, როგორც სათარგმნი მასალა - ანალიზი და პრობლემის გადაჭრის გზები
Resumen
ფრიდრიხ ნიცშე იმ მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ნაშრომებშიც ზოგადსაკაცობრიო იდეებია წარმოდგენილი. მის პირველ წიგნში ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (1872) ანტიკური ტრაგედიის ძიების გზებია ნაჩვენები. ნაშრომში შეინიშნება ვაგნერისა და შოპენჰაუერის მძლავრი გავლენა. სწორედ, რომ მუსიკის საშუალებით განმარტავს იგი ტრაგედიის რაობას. ,,ტრაგედია“ ხომ თრობისა და ლხინის ღვთაებისადმი - დიონისესადმი მიძღვნილ დითირამბს ნიშნავს; ნიცშეს აზრით, ბერძნული ხელოვნების არსს აპოლონური და დიონისური საწყისების კომბინაცია ქმნის და არა მათი დაპირისპირება, რასაც, თავად ნიცშეს თქმით, კაცობრიობა ტექნიკურ ცივილიზაციამდე მიჰყავს, ამის საბოლოო შედეგი კი ხელოვნების სიკვდილია.
თარგმანები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ხალხთა შორის ურთიერთობების საკითხში. თანამედროვე მსოფლიოს არსებობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია თარგმანების გარეშე, მან ადამიანური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა და სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საერთაშორისო კონტაქტები წარმოუდგენელია თარგმანის სხვადასხვა სახის გარეშე, იქნება ეს წერილობითი, თუ ზეპირი თარგმანი.
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს ფუნდამენტური ნაშრომის (,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“) საგანგებო კვლევა, რომლის მიზანია იმის ჩვენება, თუ რა სირთულეები იკვეთება თარგმანზე მუშაობის პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ფრიდრიხ ნიცშე, ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან,“ თარგმანი, ანალიზი, კვლევა





