,,რომ“ კავშირი შიდაქართლურში
Resumen
შიდაქართლურში ისე, როგორც სალიტერატურო ქართულ ენაში, საერთოქართლურსა და ქართული ენის სხვა დიალექტებში რთულ ქვეწყობილ წინადადებაში შემავალ მარტივ წინადადებათა შესაერთებლად გამოიყენება როგორც მაქვემდებარებელი კავშირები, ისევე მიმართებითი ზმნისართები და ნაცვალსახელები - წევრ-კავშირები.
მაქვემდებარებელი კავშირებიდან ყურადღებას იქცევს ,,რომ“ კავშირი და მისი ვარიანტები -,,რომა“ და ,,რო“, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეწყობის კონსტრუქციაში - სხვადასხვა სახის დამოკიდებული წინადადებების მთავართან დასაკავშირებლად. ისინი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ განსხვავდებიან დამოკიდებულ წინადადებაში ხმარების ადგილით. ,,რო“ შეიძლება შეგვხვდეს დამოკიდებული წინადადების თავშიც და შუაშიც, ,,რომა“ კავშირი კი ყოველთვის დამოკიდებული წინადადების თავშია. მაგალითად: ,,ზოგი ისეთი მაღალი იზრდება, რომა ... კარეფში ვერ შემოეტევა“; ,,ტანისამოსს რო ხდიდა, ხალათის ჯიბიდან სურათი გადმოუვარდა“; ,,ქარები ისეთი იცის, რო შეაღონებს“. თვალსაჩინოა ,,რომა“ კავშირის გამოყენება მაშინ, როდესაც გვაქვს პაუზა.
შიდაქართლურ კილოკავში ყურადღებას იქცევს დაწყვილებული წევრ-კავშირები: ,,ვინც რომ“//,,ვინც რომა“//,,ვინც რო“; ,,რაც რომ“//,,რაც რომა“//,,რაც რო“; ,,როგორიც რომ“//,,როგორიც რომა“//,,როგორიც რო“; ,,სადაც რომ“//,,სადაც რომა“//,,სადაც რო“. ამ რთულ კავშირებში ,,რომ“-ს ,,კი“ ნაწილაკის ფუნქცია აქვს. ,,რომ“ აძლიერებს იმ სიტყვის მნიშვნელობას, რომელსაც ის მიემართება. მაგალითად: ,,ვინც რომ მოვიდეს, კარები არ გაუღო“ - ,,ვინც კი მოვიდეს, კარები არ გაუღო“. შიდაქართლურში ძველი ქართულის მსგავსად ,,რომ“ და ,,თუ“ კავშირების ფუნქცია არ არის გაყოფილი და ხშირად ,,რომ“-ის ნაცვლად ,,თუ“ კავშირი გვევლინება. მაგალითად: ,,მოიდნენ ქალთან და უთხრეს, თუ აი მოვრჩით იმ საქმეს“ - ,,მოიდნენ ქალთან და უთხრეს, რომ აი მოვრჩით იმ საქმეს“. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დამოკიდებულ წინადადებაში ,,როცა“ კავშირს ცვლის ,,რომ//რო“ კავშირი. მაგალითად: ,,რომ ჩაარტყან, ხომ ბარაქიანი უნა იყვეს“- ,,როცა ჩაარტყან, ხომ ბარაქიანი უნა იყვეს“. კავშირის შეცვლა იწვევს სინტაქსური ფუნქციის შეცვლას.





