სამყაროს მითოპოეტური ხედვის სპეციფიკა
Resumen
ადამიანის ცნობიერების უნართაგან მითოსის ქმნადობაში დომინირებს მხატვრული წარმოსახვა, მითოსური აზროვნება პოეტურ-მეტაფორული აზროვნებაა.
როგორც პოეზია, ისე მითოსიც მხატვრულ განსახოვნებას წარმოადგენს. განსახოვნება ყოველთვის არის შინაგანის, დაფარულის, არსებითი ზოგადის გარეთ გამოტანა, გამომზეურება, როცა შინაარსი იქცევა ფორმად, როცა ფორმა არსებობს იმდენად და იმისთვის, რამდენადაც შინაარსის გამომვლენია, როცა ფორმა და შინაარსი მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. ესაა მხატვრული სახე, რომელიც განცდებზე, ემოციებზე ზემოქმედების გზით შემოდის ჩვენში და იწვევს ესთეტიკურ ტკბობას.
მითოსშიც შემეცნებითი ასპექტი მხატვრულითაა გაჯერებული და გადაფარული და პოეზიის მაფორმებელი ძალა ემთხვევა მითოსის შემქმნელ ძალას, მაგრამ მათ შორის არის არსებითი განსხვავებაც. კერძოდ: თუ პოეზია (და საერთოდ ხელოვნება) გულგრილია პოეტური ქმნილების შინაარსის, გადმოცემული ამბის რეალურობა არარეალურობის მიმართ, მითოსისთვის ასეთი გულგრილობა წარმოუდგენელია. მითოსური სუბიექტისთვის მითში გადმოცემული ამბავი წარმოადგენს უმაღლეს რეალობას.
მითოსი ბუნებას ანთროპომორფულად გაიაზრებს, ამიტომ მითოსური სამყაროს აგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ ემოციები. ემოციურ მიმართებაში კი ბუნება დრამატულ თვისებებს იძენს.
მითოსისთვის დამახასიათებელია სინკრეტიზმი, რომელიც თავს იჩენს შემდეგი სახით:
ა) სინკრეტულ ერთიანობაში არიან სულიერი კულტურის ფორმები რელიგია, ფილოსოფია, ხელოვნება, ზნეობა, სამართალი...
ბ) ერთმანეთისგან არ არიან გამიჯნულნი და სინკრეტულ ერთიანობაში არიან ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და იდეალური, ორიექტური და სუბიექტური, ხელოვნური და ბუნებრივი.
მითოსური ღმერთები და კულტურული გმირები წარმოადგენენ არქეტიპებს მითოსური ხანის ადამიანისთვის ვინაიდან მათ გარდაქმნეს სამყაროული ქაოსი კოსმოსად, მათ დაადგინეს ადამიანური საქმიანობის, ქცევის წესები და ამით უზრუნველყვეს ადამიანის, სოციუმის სიცოცხლისუნარიანობა. ადამიანი ცხოვრობს და მოქმედებს რა არქეტიპების მსგავსად, მონაწილე ხდება კოსმოსის მდგრადობის შენარჩუნების და ამით თავს აღწევს იმ უამრავ უბედურებას, რომელსაც მას უქადის ქაოსური სამყარო.





