ჯორჯ გორდონ ბაირონის ქართული დისკურსი XX-XXI საუკუნეების საქართველოში
Resumen
რომანტიზმის პრინციპებიდან გამომდინარე ამ მიმართულების ერთ-ერთი მახასიათებელია დაინტერესება აღმოსავლეთის ქვეყნებით, იქ მოგზაურობით და ეგზოტიზმით. ასეთი დაინტერესება ჰქონდა ცნობილ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს ჯორჯ გორდონ ბაირონს, მაგრამ ერთია ბაირონის გატაცება აღმოსავლეთით, კერძოდ საქართველოში, და მეორეა თვით საქართველოში დაინტერესება ბაირონის პიროვნებითა და შემოქმედებით, რაც იწყება ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეშივე. საქართველოში ბაირონის პოპულარობის თემას არაერთგზის შეეხნენ მკვლევრები: ნ. ორლოვსკაია, მ. კუჭუხიძე, ნ.ზედგენიძე, დ. ლაშქარაშე, გ. გაჩეჩილაძე, ი. მერაბიშვილი. სტატიის მიზანია წარმოვაჩინოთ ჯ.გ ბაირონის საქართველოში პოპულარობის მიზეზები და მისი შესწავლის მდგომარეობა XIX--XXI საუკუნეებში.
ბაირონის პიროვნების და შემოქმედების წარმოჩენა გამოიხატებოდა საინფორმაციო წერილებით და თარგმანებით XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე რაც ძირითადად მიმდინარეობდა შუალედური ენების (ფრანგული, რუსული) მეშვეობით. ამდენად, XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული თარგმანები რამდენადმე დაშორებულია წყარო ენაზე შექმნილ ნაწარმოებებს როგორც მხატვრული, ისე ფორმის თვალსაზრისით. შემდგომი ეტაპია XX საუკუნეში უშუალოდ წყარო ენიდან ქართველ ავტორთა მიერ შესრულებული თარგმანები და ინფორმაციები ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან ბაირონის შესახებ. უახლესი ეტაპი ქართულ ბაირონოლოგიაში დაკავშირებულია აკადემიკოსს ინესა მერაბიშვილის სახელთან, რომელმაც ახალი მთარგმნელობითი პრინციპის მიკვლევითა, დანერგვითა და ბაირონის სკოლაში მოღვაწეობით ხელი შეუწყო ბაირონის ფენომენის სრულყოფილ წარმოჩენას.
ბაირონის პოპულარობის მიზეზები განისაზღვრა მისი თავისუფლებისმოყვარე განწყობილებებით ლექსებსა თუ პოემებში. ეს კი ესადაგებოდა თავისუფლებადაკარგული ქართველი ხალხის სულისკვეთებას. ამდენად ბაირონის შემოქმედების თარგმანებმა ერთგვარად მტკიცე საფუძველი ჰპოვა თავისი გამოძახილებით ქართველ მკითხველში. და თუ ეს პროცესი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ძირითადად შუალედური ენიდან შემოსული თარგმანებითა თუ ინფორმაციებით შემოიფარგლებოდა, XX საუკუნეში უკვე ძლიერდება ბაირონის შემოქმედებისადმი მეცნიერული მიდგომა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება XX საუკუნის დასასრულისათვის, ხოლო მთარგმნელობითა და მეცნიერული გამოკვლევებით მაღალ ეტაპს აღწევს XXI საუკუნეში.





