მნემონიური ნარატივის ნაციონალური მოდელები: XX საუკუნე ნინო ხარატიშვილის ერთი რომანის მიხედვით

  • Mariam Miresashvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ა. პოლიტკოვსკაიას 61, 0186, ქ. თბილისი, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-5277-5762
Palabras clave: ოჯახური საგა, ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმი, კოლექტიური ტრავმა, სტერეოტიპების მსხვრევა

Resumen

მნემონიური ნარატივის ფენომენი რომანის ხელოვნების ერთ-ერთ პოეტოლოგიურ პრინციპს წარმოადგენს. მხატვრული მთლიანობის ორგანიზაციის პროცესში მეხსიერებისა და მოგონებების მიმესისის განხილვა შესაძლებელია ნარატიული თხრობის ერთ-ერთ წამყვან პრინციპად,  რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება არსებული რეალობის, ლიტერატურული სუბიექტის შინაგანი სამყაროს, მოგონებების მხატვრული აღქმისა და ავტორისეული კონცეფციის წარმოჩენას. მნემონიური თხრობითი მეთოდის დამახასიათებელ ნიშანს  მხატვრული გამონათქვამის ავთენტურობის ხაზგასმა წარმოადგენს; მიზანს კი - ლიტერატურული გმირის მიერ წარსულში ჭეშმარიტების ძიების პროცესის წარმოჩენა. ამგვარად იქმნება დისტანციურობის განცდა ლიტერატურული სუბიექტის/ნარატორის შეგნებაში მისი წარსული გამოცდილების მიმართ; გმირის/ნარატორის მხრიდან მზაობა წარსულში მომხდარი მოვლენების გადააზრებისა არსებული რეალობის/მიმდინარე მოვლენების გადასახედიდან. სწორედ ამ ჭრილში ვაანალიზებთ გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, ეპიკურ რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (2014), რომელსაც XX საუკუნის საქართველოს ისტორიის პანორამული სურათის წარმოჩენის წარმატებულ ცდად მივიჩნევთ. მნემონიური ნარატივი საბჭოური მენტალიტეტისა და ტრავმული მეხსიერების წინააღმდეგობრივ ხასიათზე, ტკივილიანი წარსულის გახსენებით პროეცირება თანამედროვე პრობლემების გადაჭრაზე, საბჭოთა იმპერიისა და იმ სტერეოტიპების მსხვრევა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ ქართველი ხალხის იდეოლოგიზებულ ცნობიერებას, თაობათა შორის კავშირის რღვევა - ასე გამოიყურება პრობლემების არასრული ჩამონათვალი ნინო ხარატიშვილის ოჯახურ საგაში, რომელშიც გადმოცემულია ჯაშების ოჯახის შვიდი წევრის ცხოვრებისეული პერიპეტიები. რომანის ნარატორი ტრავმული მეხსიერების ჭრილში ცდილობს იმის გააზრებას, თუ როდის, ვისი გავლენით ჩამოუყალიბდა თავისუფლებისკენ განუხრელი სწრაფვის სურვილი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. მისი ნარატივები კოლექტიური/კულტურული ტრავმის მოვლენებს მიემართება, რომელთა კონტექსტში გაიაზრებს იგი XX საუკუნის საქართველოს წარსულს; იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც ჩამოუყალიბეს ზნეობრივი ორიენტირები, გარკვეული როლი ითამაშეს მის სულიერ ჩამოყალიბებაში. რომანში საბჭოური ყოფის ტრავმული კონცეპტები ნათლად არის წარმოჩენილი; ნაჩვენებია, რომ ქართველი ერი ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმის სამოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში (1921-1991წ.წ.) არასოდეს შეჰგუებია ბედს, ინარჩუნებდა საპროტესტო მუხტს, რომელსაც, კოლექტიურ ტრავმასთან ერთად, თაობიდან თაობას გადასცემდა.

Publicado
2022-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის თეორია