წმ. შიო მღვიმელის სულიერი განვითარების გზა (კიმენურ და მეტაფრასულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში)
Resumen
ასურელ წმინდა მამათა შესახებ მოღწეულია სხვადასხვა რედაქციის ჰაგიოგრაფიული თხზულებები: კიმენური, მეტაფრასული, სვინაქსარული, რომლებსაც, სასულიერო-საღვთისმეტყველო და ისტორიულ-ლიტერატურული ღირებულების გარდა, ლიტერატურულ-მხატვრული აზროვნებისა და ესთეტიკური თვალთახედვის ჩამოყალიბებაში ენიჭებათ მნიშვნელობა. მათგან მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით გამოირჩევა ორი რედაქცია - კიმენური და მეტაფრასული. ლიტერატურათმცოდნეობისათვის ღირებულ ამ თხზულებათა სახისმეტყველებითი ასპექტების გამოვლენა აუცილებელია, რისთვისაც საჭიროა საზოგადოდ ჰაგიოგრაფიული ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინება, ჟანრისა და ლიტერატურული აზროვნების განვითარების ფარგლებში მათი ადგილის დადგენა. ასურელ წმინდა მამათა წამება-ცხოვრებების ლიტერატურულ-ისტორიული საკითხების კვლევა დაწყებულია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც გამოქვეყნდა ტექსტები და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო შრომები. ესენია: კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის, ილია აბულაძის, ზაზა ალექსიძის და სხვა მეცნიერთა კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევები, რევაზ სირაძის, გრივერ ფარულავას, საბა-ფირუზ მეტრეველის სამეცნიერო შრომები სახისმეტყველებითი მიმართულებით. ვფიქრობ, წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრების“ კიმენური და მეტაფრასული რედაქციის ტექსტების ლიტერატურული ღირებულების დასადგენად სიღრმისეული კვლევა დაგვანახებს ჰაგიოგრაფიული პერსონაჟის, კერძოდ წმ. შიო მღვიმელის, სულიერი განვითარების გზის მნიშვნელობას ბიბლიურ-ევანგელური გზის სიმბოლური გააზრების შედეგად და მისი ბაძვის აუცილებლობას, უწინარეს ყოვლისა, მაცხოვრის გავლილი გზასთან, აგრეთვე, მოციქულთა, მამამთავართა და წმინდანთა მიერ გავლილ გზასთან. წმ. შიო მღვიმელი თავისი სულიერი განვითარების გზამ მიიყვანა სულიერ განღმრთობამდე, ღმერთთან ზიარებამდე, ზეციური სასუფევლის მოპოვებამდე. ჰაგიოგრაფია წმინდანის სულიერი განვითარების შედეგად აღწერს და ასახავს პერსონაჟის მიერ ზეცათა მოქალაქობის მოპოვების ურთულეს გზას, რომელიც ღვთის სასწაულების კვალობაზე პერსონაჟთა მიერ სასწაულების ჩადენით, კურნების ღვთაებრივი უნარის მოპოვებით, წინააღმდეგობათა დაძლევით მიიღწევა. „წმ. შიო მღვიმელის ცხოვრებაში“ ნაჩვენებია, თუ როგორ მიაღწია წმ. შიომ ღვთის ნებით მღვიმეში ჩასვლის შედეგად ღმერთთან ზიარებას, სულიერ განღმრთობას, ზეცათა მოქალაქობის მოპოვებას, რაც ამ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, ამ ჟანრის ყოველ ნიმუშში, ადამიანის ამქვეყნიური ქმედების უმთავრეს მიზნადაა დასახული.





